- ედექტივ კონსალტინგი
ჩანაწერი 8: ტვინის შტურმი
Updated: Sep 5, 2019
ტვინის შტურმი არის იდეების ჯგუფურად გენერირების სათანადოდ ორგანიზებული პროცესი. იგი იდეის ძიების ირაციონალურ მეთოდებს მიეკუთვნება. იგი:
ყველაზე ცნობილი და ფართოდ გავრცელებულია თავისი ინტიუციური მომზიდველობის და სიმარტივის გამო;
დროის მოკლე მონაკვეთში მაქსიმალური რაოდენობის იდეების გენერირების საშუალებას იძლევა;
სრულიად მოულოდნელ, არაჩვეულებრივ იდეებს გენერირებს.
ტვინის შტურმი ეფექტიანია, რადგან ადამიანები იყენებენ ერთმანეთის იდეებს. აზროვნება ასოციაციებზეა დამოკიდებული - ერთი აზრი მარტივად იწვევს მეორეს. ეს ადამიანებს აზროვნების ინერციულობის, შაბლონური აზროვნების დაძლევაში ეხმარება და ხელს უწყობს:
უფრო მასშტაბურ აზროვნებას;
იმის გათავისებას, რომ ყველა იდეა მნიშვნელოვანია;
ყურადღების გამახვილებას ახალ თვალსაზრისებზე;
იდეების კომბინირებას, მოდიფიკაციას და განვითარებას.
ჩატარების პირობები:
შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა სჯობს სამუშაო ჯგუფში ჩართული იყოს მცირე გამოცდილების მქონე (ახალბედა) თანამშრომლები, რომელთაც ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები;
უკეთესია, თუ ჯგუფის წევრებს შორის ასაკობრივი და თანამდებობრივი განსხვავება მინიმალური იქნება. ხელმძღვანელთა უბრალო დამკვირვებლად ყოფნამაც კი შეიძლება შეაფერხოს და შეზღუდოს იდეების გენერირების პროცესი;
რეკომენდირებულია შერეული ჯგუფის ფორმირება - როგორც წესი, ქალებისა და მამაკაცების მონაწილეობა სამუშაო ატმოსფეროს აცოცხლებს;
თუ მიზანი სპეციფიური ამოცანის გადაწყვეტაა, უნდა მოწვეული იქნას სპეციალისტები. თუმცა ისინი სამუშაო ჯგუფში როგორც მონაწილეები არ უნდა ჩაერთონ.
ჯგუფის რეკომენდებული მოცულობა 6-12 კაცია. ოპტიმალურად 7 კაციანი ჯგუფი ითვლება.
ჩატარების ადგილი:
წყნარი ოთახი ან აუდიტორია;
რეკომენდებულია კედელზე განთავსებული იყოს პლაკატი ტვინის შტურმის წესებით;
სასურველია არსებობდეს აუდიო ან ვიდეო ჩანაწერის განხორციელებისათვის საჭირო ტექნიკა იდეების სრულად დაფიქსირებისთვის;
სასურველია არსებობდეს დაფა, რომელსაც მონაწილე თავისი იდეების წარმოსადგენად გამოიყენებს;
სასურველია მაგიდები და სკამები წრეზე ან ნახევარწრეზე იყოს განთავსებული;
სესიის ხანგრძლივობა და ჩატარების დრო:
ჩატარებისთვის დროის ყველაზე კარგი მონაკვეთია 10-დან 12 საათამდე ან 14-დან 18 საათამდე;
დროის ყველაზე ეფექტიანი ხანგრძლივობა, როგორც წესი, შეადგენს 40-60 წუთს. მარტივი პრობლემების გადაწყვეტისას ხანგრძლივობა შეიძლება 10-15 წუთამდე შემცირდეს.
წამყვანის (ლიდერის) როლი:
მონაწილეთა ინფორმირება ტვინის შტურმის სესიის წესების შესახებ;
დაფიქსირებული წესების კონტროლი და შესრულების უზრუნველყოფა;
მონაწილეობა იდეების გენერირების პროცესში: თუ იდეების გენერირების პროცესი შენელდა, მაშინ კატალიზატორის და სტიმულატორის როლი შესრულება (გამოცდილ წამყვანს ყოველთვის გააჩნია პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტების წინასწარ მომზადებული სია);
არასტანდარტული, “გიჟური” იდეების სტიმულირება და, თუ საჭიროა, თავად ასეთი იდეების შეთავაზება;
მომავალი სესიისთვის რამოდენიმე დღით ადრე მონაწილეთა შერჩევა და სამუშაო ჯგუფის ფორმირება;
ჯგუფის შეკრება და ტვინის შტურმის გაგრძელება რამოდენიმე დღეში, თუ მონაწილეები სესიის დამთავრების შემდეგ განაგრძობენ საინტერესო იდეების გებერირებას;
იუმორის მხარდაჭრა, რაც ხელს უწყობს თავისუფალი და შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნას;
ჩატარებული სესიის ანალიზი: როგორ ჩაიარა სესიამ? შემდეგში რაიმეს შეცვლა ხომ არაა საჭირო? როგორ იმუშავა ჯგუფმა? და სხვა.
იდეების შეფასებისთვის მომზადება:
იდეების შესაფასებლად საჭირო კრიტერიუმების შერჩევა. კრიტერიუმები შეიძლება იყოს: აქტუალობა, პრაქტიკული რეალიზაციის შესაძლებლობა, სიახლე და სხვა;
იდეების შეფასებისთვის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება. იდეები შეიძლება იგივე ჯგუფმა შეაფასოს. ამ შემთხვევაში შეფასების პროცესი მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ უნდა დაიწყოს.
ტვინის შტურმის ძირითადი წესები:
1. წახალისებულია აზრის თავისუფალი გამოთქმა და სრულიად “გიჟური” იდეების გენერირება;
2. აკრძალულია გამოთქმული იდეების ნებისმიერი კრიტიკა;
3. მიზანია რაც შეიძლება მეტი რაოდენობის იდეების გენერირება;
4. საჭიროა ყველა (ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე!) იდეის დაფიქსირება.
ტვინის შტურმის ჩატარების ეტაპები:
1. მონაწილეების ინსტრუქტაჟი (ტვინის შტურმის სესიის წესების შესახებ);
2. მონაწილეთა განწყობა კრეატიული იდეების გენერირებაზე: “მოთელვა”- სხვადასხვა მარტივი ამოცანების განხილვა, ასოციაციებით აზროვნება, რაიმე ყველასთვის ცნობილ მარტივ საყოფაცხოვრებო პრობლემაზე ტვინის შტურმის რეპეტიცია და სხვა;
3. ტვინის შტურმის დაწყებისთვის მომზადება: პრობლემის ფორმულირება, იდეების დაფიქსირების მეთოდზე შეთანხმება;
4. იდეების გენერირების და დაფიქსირების პროცესი;
5. რამოდენიმე დღიანი შესვენება და იდეების შეფასების პროცესისთვის მომზადება;
6. იდეების შეფასება და შერჩევა.
ტვინის შტურმის ორგანიზაციისას დაშვებული ძირითადი შეცდომები:
ტვინის შტურმისა და ტრადიციული თათბირის წესების აღრევა;
“მონაწილეთა გახურების” გარეშე შტურმის დაწყება;
წამყვანის (ან ასისტენტის) მიერ იდეების ქაღალდზე დაფიქსირების მცდელობა;
წამყვანის მხრიდან “სათადარიგო”, მაპროვოცირებელი სვლების განხორციელებისათვის არამზაობა;
პროცესიდან გამოსვლის უზრუნველყოფის უგულვეყოფა - ადამიანებს უჭირთ “გახურებულ” სიტუაციაში შეჩერება;
პრობლემის არასისტემური, ზერელე ანალიზი.