top of page
  • ედექტივ კონსალტინგი

ჩანაწერი 9: სინექტიკა

Updated: Sep 5, 2019

სინექტიკის (Synectics) ავტორია უილიამ გორდონი. მეთოდი შემუშავებული იქნა მეოცე საუკუნის 50 წლებში და წარმოდგენდა ტვინის შტურმის გაუმჯობესების მცდელობას.


გორდონის აზრით, ინტუიციის და შთაგონების საფუძველი პრობლემის ანალოგიების საშუალებით გადაწყვეტის ქვეცნობიერი პროცესებია. ანალოგიებით აზროვნება იმ სუბიექტური შეზღუდვების რღვევას უწყობს ხელს, რომელიც ხელს უშლის პრობლემის მრავალმხრივ ანალიზს და გადაწყვეტის ორიგინალური გზების ძიებას.


სინექტიკის განსხვავება ტვინის შტურმისგან.

1. დაშვებულია კრიტიკა

2. პრობლემის ანალიზს ახდენს სპეციალისტების მეტ-ნაკლებად მუდმივი ჯგუფი. ჯგუფის წევრები ერთმანეთს კარგად იცნობენ და ერთმანეთის კარგად ესმით, ერთად მუშაობას და ერთმანეთის კრიტიკას შეჩვეულნი არიან. ჯგუფს სინექტიკური ჯგუფს უწდებენ, ჯგუფის წევრებს კი - სინექტორებს. სინექტიკური ჯგუფი სპეციალურ მომზადებას გადის.

3. დამახასიათებელია სინექტორების სპეციალიზაციის მაღალი დონე და იდეების “პროფესიონალი გენერატორების”არსებობა. ამ თვალსაზრისით ტვინის შტურმი თვითშემოქმედებითი კოლექტივია, ხოლოხ სინექტიკა - პროფესიული ანსამბლი.

სინექტიკის დროს ჯგუფი პრობლემის გადაწყვეტისთვის იყენებს ოთხი სახის ანალოგიას.


პირდაპირი ანალოგია - ანალოგიური პრობლემების გადაწყვეტა სხვა სფეროებში ან ბუნებაში (მაგალითად ბიონიკა გამოდგება).


პირადი ანალოგია (ემპათია) - ადამიანი ცდილობს თავი წარმოიდგინოს გასაუმჯობესებელ ობიექტის ადგილას (იქნება ეს რაიმე მოწყობილობა, მანქანის დეტალი თუ სხვა ადამიანი), მოირგოს მისი ფუნქციები, გაითავისოს ეს იმიჯი და “შეიგრძნოს” პრობლემა.


სიმბოლური ანალოგია - გამოიყენება შედარებები, მეტაფორები, ხატები. ობიექტის ცალკეული მახასიათებლები გაიგივდება სხვა ობიექტის მახასიათებლებთან, რაც საშუალებას იძლევა მოკლედ და ხატოვნად ჩამოვაყალიბოთ განსახილველი მოვლენის თუ ობიექტის არსი, შინაგანი წინააღმდეგობრივობა.


სასარგებლოა დამაინტრიგებელი, ზუსტი და ტევადი მეტაფორის შექმნა. ამას “წიგნის დასათაურების” ხერხად მოიხსენიებენ იმის გამო, რომ იგი ხშირად გამოიყენება ლიტერატურაში, წიგნის სახელის შერჩევისას პერსონაჟების თუ მოვლენების შინაგანი წინააღმდეგობრივობის გადმოსაცემად (“უდანაშაულო დამნაშავეები”, “ცოცხალი გვამი”, “ცხელი თოვლი” და მისთანანი). ახალი იდეების მოძიებისთვის სასარგებლოა ასეთივე ხატოვანი დახასიათება მივცეთ ტექნიკურ ობიექტებსაც. ეს ხერხი საშუალებას იძლევა საკმაოდ დავშორდეთ განსახილველი პრობლემის არეალს და გავიდეთ ხელოვნებაში, პოლიტიკაში და სხვა სფეროში, რაც ზრდის ამოცანის წარმატებით გადაწყვეტის შანსს.


ფანტასტიკური ანალოგია - საჭიროა საგნები ისეთად წარმოვიდგინოთ, როგორიც ისინი იქნებოდნენ გარკვეულ ფანტასტიკურ სიტუაციებში თუ გარემოში, შევეცადოთ დავინახოთ როგორ გადაწყდებოდა პრობლემა ფანტასტიკური ხერხის გამოყენებით ან ფანტასტიკური პერსონაჟის მიერ.


სინექტიკის ეტაპები:

1 ეტაპი:

პრობლემის ფორმულირება ისე “როგორც მოცემულია”, კონკრეტული პირობების და პარამეტრების დაზუსტების გარეშე - კონკრეტიკა ამ ეტაპზე მხოლოდ სესიის ხელმძღვანელისთვისაა ცნობილი. ითვლება, რომ საწყის ეტაპზე ამოცანის კონკრეტიზაცია ხელს უშლის აბსტრაგირებას, ტრადიციული აზროვნებისგან თავის დაღწევას.

2 ეტაპი:

პრობლემის ფორმულირება ისე “როგორც გაგებულია”. ამ ეტაპზე განიხილავენ უცნობი და უჩვეულო პრობლემის უფრო ჩვეულ ამოცანათა წყებად გარდაქმნის შესაძლებლობებს. არსებითად, ამ ეტაპზე ხდება პრობლემის ქვეპრობლემებად დანაწევრება.

3 ეტაპი:

ანალოგიების მეთოდის გამოყენება და იდეების გენერირება: ანალოგიების ძიება ტექნიკის, ცოცხალი ბუნების, ფსიქოლოგიის და სხვა სფეროებში.

4 ეტაპი:

გამოვლენილი იდეების გადატანა პრობლემაზე. ექსპერტების მხრიდან იდეების კრიტიკული შეფასება.


სესია სულ რამოდენიმე სააათი გრძელდება, რაც დასმული ამოცანის გადაწყვეტის მთელი დროის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია. ძირითად დროს სინექტორები მიღებული შედეგების შესწავლას და განხილვას უთმობენ, ექსპერიმენტირებენ, გადაწყვეტილებების რეალიზაციის გზებს ეძებენ.


სინექტიკა ეფექტიანია კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას. არაა ორიენტირებული სისტემების განვითარების ობიექტური კანონზომიერების გამოყენებაზე.


სინექტორებად ირჩევენ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს. შერჩევის კრიტერიუმებია: პროფესიონალი ცოდნები (სასურველია ორი სპეციალობის ფლობა, მაგალითად - ქიმიკოსი - მუსიკოსი, ექიმი - მექანიკოსი და სხვა); ფართე ერუდიცია; პრაქტიკული გამოცდილება; აზროვნების მოქნილობა. სასურველია ჯგუფში სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტიპების არსებობაც. საუკეთესი ასაკად 25-40 წელი ითვლება.


ჯგუფი კარგად უნდა “შეთამაშდეს”, სინექტორები ერთანეთთან თავს თავისუფლად უნდა გრძნობდნენ, წყენით არ რეაგირებდნენ კრიტიკაზე. სინექტიკური ჯგუფის სესიაზე იწვევენ სპეციალისტებს განსახილველი პრობლემის სფეროდან, რომლებიც სინექტორებს სიტუაციია გარკვევაში ეხმარებიან.

30 views0 comments
bottom of page