top of page
  • ედექტივ კონსალტინგი

ჩანაწერი 1: კრეატიული VS შემოქმედებითი

Updated: Sep 5, 2019

კრეატიულობა (ლათინ. Creation - შემოქმედება, არაფრისგან რაიმეს შექმნა) - ინდივიდის მიერ პრინციპულად ახალი იდეების გენერირების უნარის, შესაძლებლობის, მზადყოფნის მახასიათებელია. კრეატიულობა არის ადამიანის უნარი იპოვოს ახალი ორიგინალური იდეები აზროვნების გავრცელებული სქემებისა და შაბლონების გვერდის ავლით.

ეს ადამიანის ბუნებრივი თვისებაა. თუმცა იგი ითრგუნება, როცა ადამიანი სტერეოტიპებით ცხოვრებას ეჩვევა - ადამიანი იწყებს შაბლონურ, “ტრადიციულ” რეაგირებას და აზროვნებას.

პირველად “კრეატიულობა”ბრიტანელმა ფსიქოლოგმა, სიმპსონმა 1922 წელს გამოიყენა. ეს ტერმინი მას დასჭირდა ადამიანის უნარის - დაძლიოს სტერეოტიპული აზროვნება - აღსაწერად.

არის თუ არა შემოქმედებითი აზროვნება და კრეატიული აზროვნება სინონიმები? არა. სჯობს ისინი მკაფიოდ განვასხვავოთ, რადგან ბიზნესის სფეროში მათმა გაიგივებამ შეიძლება შეცდომამდე მიგვიყვანოს.

შემოქმედებითი პროცესი თავისუფალია პრაგმატული მიზნებისგან. იგი, როგორც წესი, სპონტანურია და ავტორის შთაგონებასთან, აღმაფრენასთან, მუზასთანაა დაკავშირებული. შემოქმედებით პროცესს არ განსაზღვრავს აუდიტორიაზე ორიენტაცია. არც აუდიტორიის წინასწარ კვლევას გულისხმობს, რომ “გზავნილი” ზუსტად შეუსაბამოს მას. შემოქმედების პროდუქტი ზოგჯერ საერთოდ არ შეესაბამება დღევანდელობას და “აუდიტორიას” მომავალში პოულობს. იგი შეიძლება უზარმაზარ პოტენციალს შეიცავდს, მაგრამ შექმნის მომენტისთვის სრულიად უსარგებლო იყოს.

კრეატიული პროცესი, საპირისპიროდ, პრაგმატულია და კონკრეტულ მიზნებზეა ორიენტირებული. ბიზნესის ფარგლებში, როგორც წესი, იმთავითვეა ცნობილი რა, რატომ, ვისთვის, რა ვადებში უნდა შეიქმნას. აქ კრეატიულობის შემოქმედებითი ელემენტი კონკრეტულ მიზანს ემორჩილება. და, თუ მუზას დაველოდებით, მაშინ მიზანს, ალბათ, ვერც ვერასდროს მივაღწევთ. კრეატიული პროცესი რეალობაში ახლის, აქამდე არარსებული პროდუქტის, მომსახურების, სისტემების შემოტანის, უკვე არსებული ინფორმაციის სხვაგვარად კომბინირების, ცნობილი დამოკიდებულებების ახალ სიტუაციაზე მორგების პროცესია.

კრეატიული პროცესი

  • არის მიზანმიმართული, რეალური პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებული

  • არის რეალურ აუდიტორიაზე ორიენტირებული

  • არის რეალურ შედეგზე ორიენტირებული

  • არის დროში შეზღუდული

  • შედეგის რეალიზაცია აწმყოში ხდება

შემოქმედებითი პროცესი

  • არის თავისუფალი

  • როგორც წესი, არ არის რეალურ აუდიტორიაზე ორიენტირებული

  • როგორც წესი, არ არის რეალურ შედეგზე ორიენტირებული

  • როგორც წესი, არ არის დროში შეზღუდული

  • შედეგის აწმყოში რეალიზება შუძლებელია



კრეატიულ ადამიანს ახასიათებს ცნობისმოყვარეობა, მოქნილობა, ჟინი, შთაგონება, წინჭვრეტა, ახალი იდეის დაცვის და "გატანის" უნარი, დამოუკიდებლად აზროვნება.

კრეატიულობა სამი კომპონენტის ურთიერთქმედების შედეგია: კომპეტენტურობის, შემოქმედებითი აზროვნების უნარისა და მოტივაციის.



კომპეტენტურობა - ცოდნათა (საერთო, სპეციალური, ტექნიკური, მეთოდური და სხვა) ერთობლიობა, გარკვეულ სფეროებში მოღვაწეობის შედეგად დაგროვილი გამოცდილება და საჭირო ინფორმაციის მოპოვების უნარი;

მოტივაცია - კრეატიულობის განხილვისას მთავარი შინაგანი მოტივაციაა. ესაა პრობლემით შინაგანად დაინტერესება, ინდივიდის სურვილი იყოს ახლის მაძიებელი. თუმცა, სხვა სახის მოტივაციასაც, ცხადია, მნიშვნელობა აქვს;

შემოქმედებითი აზროვნების უნარი - პრობლემის გადაჭრისას აზროვნების მოქნილობისა და მახვილგონიერების გამოვლენა. ადამიანის შესაძლებლობა იაზროვნოს არასტანარტულად, დაინახოს ძველ იდეათა ახლებური კომბინაცია.

ზოგიერთი გავრცელებული მითი შემოქმედებითი აზროვნების შესახებ:

  • რაც უფრო ჭკვიანი ხარ, მით მეტად შემოქმედი ხარ;

  • ახალგაზრდები უფრო შემოქმედნი არიან, ვიდრე ასაკოვანნი;

  • შემოქმედებითი აზროვნებ მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც რისკის მოყვარულია;

  • შემოქმედებითი აზროვნება ერთეული აქტია;

  • შეუძლებელია შემოქმედების მართვა.

აი, ტერეზა ამაბაილისა და ბილ ბრინის მოსაზრებები ბიზნესში კრეატიულობაზე გავრცელებული მითების შესახებ:

  • კრეატიულობა გენერირდება შემოქმედი ადამიანების მიერ;

  • ფული კრეტიულობის მოტივატორია;

  • დროის უკმარისობა ხელს უწყობს კრეატიულობას;

  • შიში იწვევს რევოლუციურ გარღვევას;

  • შეჯიბრი უკეთესია, ვიდრე თანამშრომლობა;

  • შტატების შემცირება კარგი მეთოდია კრეატიულობის ზრდისთვის.

107 views0 comments
bottom of page