top of page
  • ედექტივ კონსალტინგი

ჩანაწერი 3: აზროვნების ინერციულობა

Updated: Sep 5, 2019

ამონარიდი სტატიიდან:

კრეატიულობა ანუ ყველა მეწარმე უნდა გავხდეთ!

2010 წლის ივნისი


"თუ თქვენი ერთადერთი ინსტრუმენტი ჩაქუჩია, ვფიქრობ, სულაც არაა გასაკვირი ყველგან ლურსმანს ხედავდეთ."

აბრაჰამ მასლოუ


აზროვნების ინერციულობა, რომელიც უმთავრეს წინაღობად ითვლება შემოქმედებითი და, მაშასადამე - კრეატიული აზროვნების გზაზე, უკეთესია შევიგრძნოთ, ვიდრე უბრალოდ ვისაუბროთ მასზე. ამისთვის საკმარისია სერიოზულად მოეკიდოთ ამოცანას, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.


მიმდევრობით (აუცილებლად მიმდევრობით!) უპასუხეთ (აუცილებლად უპასუხეთ!) შემდეგ კითხვებს:

  • რას უდრის ერთი კვადრატში?

  • რას უდრის ორი კვადრატში?

  • რას უდრის სამი კვადრატში?

  • რას უდრის ოთხი კვადრატში?

  • რას უდრის კუთხე კვადრატში?

ახლა, თუ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პირველად გიწევთ, ბოლო “უაზრო” კითხვისგან გამოწვეული “აზროვნების მუხრუჭების ღრჭიალი” მშვენივრად გაგრძნობინებთ იმას, რასაც აზროვნების ინერციულობას ეძახიან. რა მარტივად გადავდიოდით კითხვიდან კითხვაზე, სანამ, მოულოდნელად, თითქოს კედელს შევეჯახეთ: ამაოდ ცდილობს პანიკაში ჩავარდნილი გონება “კუთხის” კვადრატში აყვანას. მაგრამ – ვერაფერს ხდება. ბევრი ამ კითხვას ხუმრობად ჩაგვითვლის და დაასკვნის, რომ ამოცანას პასუხი საერთოდ არ აქვს. წინასწარ გეტყვით – პასუხი აქვს. და ძალიანაც მარტივი (მას ცოტა ქვემოთ შეხვდებით ტექსტში). მაგრამ თქვენს გონებას მისი დანახვა აღარ ძალუძს სწორედ იმიტომ, რომ პირველ ოთხ კითხვას უპასუხეთ და პასუხის გაცემის მეთოდს ასე სწრაფად შეეჩვიეთ.


მეორე, უფრო ცნობილ ამოცანას შემოგთავაზებთ. შეიძლება, ოდესმე ამოგიხსნიათ კიდეც. ნუ დაიზარებთ, მაინც უპასუხეთ და შემდეგ ერთად გავერკვეთ, რა ხდება ამ ამოცანის ამოხსნის პროცესში.


თუ 1-დან 100-მდე ყველა რიცხვს დაწერთ, მაშინ რამდენჯერ მოგიწევთ ციფრი 9-ის დაწერა? (მაგალითად, თქვენ ციფრი 9 შეგხვდებათ შემდეგი რიცხვების დაწერისას: 9, 19, 29, 39...). აუცილებელი პირობა ასეთია - ამოცანას პასუხი ზეპირად (გონებაში) უნდა გასცეთ!

ჩაინიშნეთ თქვენი პასუხი.


ახლა კი გავერკვეთ, რისი მაჩვენებელია ამ ამოცანის ამოხსნის პროცესი.

თავიდან გონება სწრაფად აღმოაჩენს კანონზომიერებას – ციფრი 9 ერთმანეთისგან ერთნაირი “მანძილითაა” დაშორებული, ყოველი მეათეა (9, 19, 29, 39...), ამ მეთოდით სწრაფადაც გადაითვლის იმას, რამდენი 9-ანია ასამდე და პასუხს აფიქსირებს – 10-ჯერ. თუ თქვენი ჩანიშნული პასუხიც ასეთია, კითხვა შეწყვიტეთ და კიდევ ერთხელ გადაითვალეთ, რადგან პასუხი არასწორია.

რა მოხდა? გონება აღმოჩენილი კანონზომიერების გამო შეეჩვია იმას, რომ ყოველ შემდგომ მეათე რიცხვში ერთი ცხრიანი გვხვდება და (აი, ინერციულობის პირველი გამოვლინება) რიცხვში 99 ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი ცხრიანი დაინახა (კანონზომიერების ასეთი მარტივი დარღვევაც კი ძნელი შესამჩნევი გახდა). როცა გონება ამას შენიშნავს (როგორც წესი, მას შემდეგ რაც წინა პასუხის მცდარობაზე მიუთითებენ), იგი უკვე ახალ პასუხს იძლევა – 11-ჯერ. თუ თქვენი პასუხიც ასეთია, ისევ შეჩერდით და კიდევ ერთხელ გადაითვალეთ, რადგან ეს პასუხიც არასწორია.

კანონზომიერება, რომელსაც გონება ასე შეეჩვია, აქ კიდევ ერთხელ, უფრო ძლიერად, ირღვევა და გონებას, პრაქტიკულად, უძლურს ხდის საძიებელი ციფრი შეამჩნიოს რიცხვებში ოთხმოცდაათი, ოთხოცდათერთმეტი, ოთხმოცდათორმეტი,... ოთმოცდაცხრამეტი! სწორი პასუხია - ოცჯერ.


ახლა პირველი კითხვასაც დავუბრუნდეთ. მოდით, ახალ კითხვებს უპასუხეთ: რას უდრის კუთხე ტოლგვერდა სამკუთხედში? 60 გრადუსს. რას უდრის კუთხე კვადრატში? (კითხვა ხომ გეცნოთ?). ცხადია, 90 გრადუსს. აი, თურმე, რა – გონება მოცემულ კონტექსს შეეჩვია (არითმეტიკა) და სხვა კონტექსტს (გეომეტრია) საერთოდ ვეღარ აღიქვამს.


თუ თქვენ ორივე ამოცანას სწორი პასუხი თავიდანვე მოუძებნეთ – ფანტასტიკური შედეგია. მაშინ გირჩევთ ამოცანები ახლობლებსა და მეგობრებს დაუსვათ და ამოხსნის პროცესს დააკვირდეთ: აზროვნების ინერციულობას მათ სახეზე შესანიშნავად წაიკითხავთ.


აზროვნების ინერციულობას შეიძლება სხვადასხვა სახელით შეხვდეთ – “გამოცდილების ბარიერი”, “ფუნქციონალური დაფიქსირება”, “განწყობის ეფექტი” და სხვა.


ფსიქოლოგიაში შესაბამისი ტერმინია “რიგიდული აზროვნება”.

რიგიდულობა გაიგება როგორც ინდივიდის თავისებურება, როცა პიროვნებას არ შეუძლია შეეგუოს (მიესადაგოს) სწრაფად ცვლად პირობებს, გარემოს და მოტივაციებს. ეს, ახალი სიტუაციური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ქცევის პროგრამის შეცლის მიმართ არამზაობას, წინააღმდეგობას გულისხმობს.


განიხილავენ სამი სახის რიგიდულობას:

1. კოგნიტიური რიგიდულობა არის ინდივიდის მდგომარეობა, როცა იგი არ აღმოჩნდება მზად ააგოს ახალი კონცეფცია, მოქმედების ახალი გეგმა განახლებადი ინფორმაციის მიღების შემდეგ. ასეთი ფსიქოლოგიური ტიპის ადამიანი, მიუხედავად ახალი მონაცემებისა, გააგრძელებს მოქმედებას უკვე არსებული, ჩვეული სქემებით.

2. მოტივაციური რიგიდულობა გულისხმობს, რომ ადამიანს დარღვეული აქვს მოტივაციის სისტემა. მას არ გააჩნია სურვილი მოტივაციის კორექტირება მოახდინოს, მით უმეტეს - შეიძინოს ახალი მოტივაციები ადრე დასახული მიზნების მისაღწევად.

3. აფექტიური რიგიდულობა (Affective rigidity) არის ინდივიდის მდგომარეობა, როცა არ არსებობს მყარი კავშირები რეალურ ხდომილებებსა და მათზე ქცევით რეაქციებს შორის. ასეთი ადამიანს გააჩნია პრობლემები ემოციურ სფეროში, იგი ზედმეტად კონცეტრირებულია განსაზღვრულ ობიექტებსა და სიტუაციებზე.

26 views0 comments
bottom of page